ინვაზიური დიაგნოსტიკა
2009 წელს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ამოქმედდა ახალი თაობის სტაციონარული ანგიოკარდიოგრაფიული სისტემა ALLURA Xper FD10 (PHILIPS)-ით აღჭურვილი გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის მეორე ლაბორატორია.
აღნიშნული ლაბორატორია უზრუნველყოფს გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების მაღალი გარჩევადობის რენტგენოლოგიური გამოსახულებების მიღებას (კორონაროგრაფია, ვენტრიკულოგრაფია), რაც წარმოადგენს აუცილებელ საფუძველს ინვაზიური და ინტერვენციული კარდიოლოგიური პროცედურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისთვის.
კარდიოვასკულარული ინტერვენციების განყოფილებაში ტარდება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე კომპლექსური ინვაზიური კვლევები, მათ შორის:
სელექტიური კორონაროგრაფია, ვენტრიკულოგრაფია, შუნტოგრაფია (აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ), გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია მანომეტრიითა და ოქსიმეტრიით, ანგიოპულმონოგრაფია, აორტოგრაფია, კავაგრაფია და ფლებოგრაფია, საძილე და ხერხემლის არტერიების ანგიოგრაფია, თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია, ზედა და ქვედა კიდურების არტერიების ანგიოგრაფია, ვისცერალური არტერიების ანგიოგრაფია, ასევე პერიკარდის სადიაგნოზო პუნქცია.