კარდიოქირურგია
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტი წარმოადგენს მაღალსპეციალიზებულ ქირურგიულ მიმართულებას, რომელიც 2001 წლიდან უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობას. დეპარტამენტს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პროფესორი ზვიად ბახუტაშვილი.
დეპარტამენტი მუშაობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებით და იყენებს თანამედროვე ქირურგიულ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ სიზუსტესა და უსაფრთხოებას.
დღემდე ჩატარებულია 4500-ზე მეტი შუნტირების ოპერაცია. მალევე დაიწყო სარქვლოვანი პათლოგიების ქირურგიული მკურნალობა. თანდათანად სრულად იქნა ათვისებული სარქველზე ოპერაციები. პლასტიკა-პროთეზირება, მიტრალური ანულოპლასტიკა, აორტული პროტეზირება ბიოლოგიური სარქვლით, ტრიკუსპიდული პლასტიკა და ა.შ.
კლინიკაში 2012 წლიდან ტარდება ოპერაციები მინისტერნოტომიული მიდგომით, ხოლო 2013 წლიდან დაინერგა მინითორაკოტომიული მიდგომა. დღემდე ჩატარებულია დაახლოებით 200-მდე ოპერაცია მინითორაკოტომიული მიდგომით, რაც გამოირჩევა მცირე ქირურგიული განაკვეთით, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციითა და სწრაფი პოსტოპერაციული რეაბილიტაციით.
2004 წლიდან აქტიურად ხორციელდება აორტის რთული პათოლოგიების ქირურგია, მათ შორის ბენტალის ოპერაცია მწვავე დისექციების შემთხვევებში, ხოლო თანამედროვე მიმართულებით დანერგილია სარქველშემანარჩუნებელი ოპერაციები - David-ისა და Yacoub-ის პროცედურები, რომლებიც მიზნად ისახავს პაციენტის ანატომიის მაქსიმალურ შენარჩუნებას და გრძელვადიანი შედეგების გაუმჯობესებას.
კლინიკაში ასევე დანერგილია მინიმალურად ინვაზიური ქირურგია - მინისტერნოტომიული და მინითორაკოტომიული მიდგომები, რომლებიც უზრუნველყოფს მცირე ქირურგიულ ტრავმას, შემცირებულ ჰოსპიტალიზაციას და სწრაფ რეაბილიტაციას. ამ მიდგომით შესრულებულია დაახლოებით 200 ოპერაცია, მათ შორის სარქვლოვანი რეკონსტრუქციები, კომბინირებული ჩარევები, წინაგულოვანი წარმონაქმნების ამოკვეთა და თანდაყოლილი მანკების კორექცია.
დეპარტამენტში ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულებაა ოზაკის პროცედურა - ბიორეკონსტრუქციული ტექნიკა აუტოლოგიური პერიკარდის გამოყენებით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური შესაბამისობით, იმუნოლოგიური უსაფრთხოებით და ფუნქციური სტაბილურობით.
დღეს კარდიოქირურგიის დეპარტამენტში ფართოდ გამოიყენება კომბინირებული ქირურგიული მიდგომები, რომლებიც აერთიანებს შუნტირებას, სარქვლოვან რეკონსტრუქციას, აორტის ქირურგიასა და თანამედროვე ბიორეკონსტრუქციულ ტექნიკებს, რაც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მაქსიმალურად ეფექტური კლინიკური შედეგი.
დეპარტამენტის მთავარი ფოკუსია არა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენა, არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - ფიზიკური აქტივობის აღდგენა, სოციალური ფუნქციონირების დაბრუნება და უსაფრთხო პოსტოპერაციული მართვა, მათ შორის ანტიკოაგულაციური თერაპიის კონტროლი და ინდივიდუალური მონიტორინგი.